Winter is coming

Posted by piccolina on December 23, 2011 in Uncategorized |

საკონკურსო პოსტი ნატოშასთვის

Winter is coming

ერთი წლის შემოდგომის მიწურულს, ალბათ 9-10 წლის წინ, ბებია ხშირად იმეორებდა ზამთარი მოდისო და დამწუხრებული სახით ეხვეოდა პლედში. მაშინ ჯერ ბავშვი ვიყავი და არაფერი ვიცოდი ამ სამყაროს შესახებ. ამიტომ ვერაფრით ვიგებდი, რატომ აშინებდა ასე ზამთრის მოსვლა.

ხო, ბავშვი ვიყავი, 32 წლის ბავშვი. იქ ადამიანის განვითარება სხვანაირად მიდიოდა. იქაური სტატისტიკის მიხედვით მოსახლეები საშუალოდ 769 წლის ასაკამდე ცხოვრობდნენ. ამიტომ 50 წლამდე ბავშვად ითვლებოდი და განვითარებითაც ბავშვი იყავი.

ჩვენთან ზამთარი ყველას ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა. ისევე როგორც აქ, იქაც 4 სეზონი გვქონდა, მაგრამ იმ სამყაროში ყოველ სეზონში 5 თვე იყო. იქ არასოდეს ციოდა და არც ცხელოდა. ამინდი და ტემპერატურა სხვანაირად იცვლებოდა.

ვერ იპოვიდით ადამიანს, რომელსაც რომელიმე სეზონი არ უყვარდა, მაგრამ ზამთარი მაინც განსაკუთრებული იყო. ზამთრის ყოველი თვის ბოლოს დღესასწაული იყო, არნაი ერქვა. დაახლოებით ისეთივე აჟიოტაჟით ვხვდებოდით, როგორც აქ შობას და ახალ წელს ვხვდებით. ყოველ თვეში ერთ თემას ავიღებდით და იმის მიხედვით ვარჩევდით საჩუქრებს, საჭმელს და დეკორაციებს თემის მიხედვით ვარჩევდით. თემას ჩვენი იქაური, ასე ვთქვათ, წინამძღვარი ირჩევდა გამოკითხვის საფუძველზე. მთელი თვის მანძილზე ანრაისთვის მზადება მიმდინარეობდა, თვის ბოლოს კი აღვნიშნავდით დღესასწაულს.

მოკლედ, დიდხანს რომ არ გავაგრძელო, იმ წელს ბებია ძალიან განიცდიდა ზამთრის მოსვლას. მერე აიჩემა, სიკვდილი აპირებს ჩემს წაყვანასო. იქ სიკვდილი მართლა მოდიოდა, თავისი ფეხით. ძალიან ლამაზი იყო და თეთრი კაბა ეცვა. ვერ იტყოდი რომ ქალია ან კაცი, მაგრამ ლამაზი იყო. სიკვდილი რომ ვიღაცას ჩაეხუტებოდა, მერე ყველაფერი ცისფრად ნათდებოდა და სიკვდილიც ქრებოდა ადამიანთან ერთად. რამდენჯერმე მეც კი შევსწრებივარ მსგავს ამბავს და ვერ წარმომედგინა თუ ასეთ სილამაზეს ასეთ ცუდ ადგილას შეეძლო წაეყვანა ადამიანი.

სანახავად კი ულამაზესი იყო, მაგრამ წაყოლა არავის უნდოდა. ვიღაცამ თქვა, სიკვდილს ისეთ ადგილას მიყავს ხალხი, სადაც ბევრი ტკივილიაო. მოსახლეობა იქ ერთმანეთს ხოცავსო, მოკლე სეზონებია და ზოგი ძალიან ცივია, ზოგი – ძალიან ცხელიო. რაც მთავარია, იქ რომ მიდიხარ, ეს სამყარო საერთოდ გავიწყდებაო. არ აქვს მნიშვნელობა აქ კარგად იქცეოდი თუ ცუდად, იმ ჯოჯოხეთში მაინც მოხვდებიო. შესაბამისად ყველას აშინებდა სიკვდილის გამოჩენა.

მამამ გადაწყვიტა გაერკვია, რატომ იფიქრა ბებომ, რომ სიკვდილი მაინცდამაინც მასთან მოვიდოდა და მაინცდამაინც წელს. თურმე შემოდგომაზე დაუნახავს ბებიას სიკვდილი ჩვენ სახლთან. ასე უთქვამს, ზამთარში დავბრუნდებიო. ვიცოდი, ბებიას ეწყინებოდა, მაგრამ სიცილისგან მაინც ვერ შევიკავე თავი. ისე გამოვიდა, თითქოს უთხრა, მოიცადე, 2 წუთით საქმე მაქვს და ცოტა ხანში მოვალო. როგორ არ უნდა გამცინებოდა აბა…

იმის მერე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ხშირად ვეფერებოდი ბებოს.

მერე არნაი მოვიდა. ბებიას ამანაც ვერ გამოუსწორა განწყობა. მერე შემდეგი არნაისთვის დაიწყო მზადება. ამანაც არაფერი შეცვალა. ბებია ისევ განიცდიდა, ზამთარი მოდისო. ზამთარი ისედაც იყო, მაგრამ ამბობდა, ახლა ნამდვილი ზამთარი მოდისო. ისეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს აქო. მესამე არნაის მოსვლისთვის ბებიას წუწუნი ზამთრის მოსვლასთან დაკავშირებით ყელში ამოვიდა.

მთელი ოჯახი უხასიათოდ იყო. ყველას ეგონა, რომ მოიგონა ბებიამ სიკვდილის ამბავი და ტყუილად წუწუნებდა ყურადღების მისაქცევად. მესამე არნაის მსგავსი მოწყენილი და უხასიათო არნაი არასოდეს გვქონია მანამდე.

არნაი 2 საათის დაწყებული იყო, როცა თავში გენიალური იდეა მომივიდა – დღესასწაული უნდა გამეხალისებინა. ჯერ ვიფიქრე, ბუხარს ავანთებთქო. იქაური ბუხრები ძალიან ლამაზი იყო და საოცარ ფერებად ანათებდა. ვიცოდი, რომ დაცხებოდა, იმიტომ, რომ ჩვენთან საერთოდ არ ციოდა და ბუხრები მხოლოდ სილამაზისთვის ინთებოდა.

ბუხარი მანამდე არასოდეს მქონდა ანთებული, მე ხომ ბავშვად ვითვლებოდი  32 წლის ასაკში და განვითარებითაც ბავშვი ვიყავი. სანამ უფროსები მოწყენილობით იყვნენ დაკავებულები, მე ბუხარის ანთება დავიწყე. იქაური შეშა თურმე ძალიან სწრაფად ინთებოდა. ცეცხლი აინთო. რატომღაც ჩემი ტანსაცმელიც აინთო… მე ძალიან დამცხა. მშობლებმა ყვირილი დაიწყეს. ვერ მიხვდი რა ხდებოდა.

დავინახე სახლში რომ ვიღაც შემოვარდა, თუმცა ვერ გავარჩიე ვინ იყო, ჩემი ტანსაცმელი ძალიან მკვეთრად ანათებდა და უკვე მტკიოდა ყველაფერი. უცნობი მომვარდა, ჩამეხუტა და უცებ ყველაფერი ცისფრად განათდა.

მეტი არაფერი მახსოვს იმ სამყაროდან. გონს რომ მოვეგე ვიღაც იდიოტი ბედნიერი სახით მიყურებდა და ვერ მივხვდი, რა უხაროდა.

ძალიან ციოდა…

ზამთარი მართლაც მოვიდა, ოღონდ არა ბებოსთან.

Tags: , , , , , , ,

2 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.