სურათი მოვიპარე, მაგრამ თქვენ ეს არ იცით
ხო, სათაურზე ბევრი ვიფიქრე და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
მოკლედ, რაზეა საუბარი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ქართულ საიტზე და ბლოგზე ვხვდები ამ პრობლემას და ბოლოს გადავწყვიტე, დამეწერა. საუბარია სურათებზე საკუთარი საიტის ლინკის მიწერაზე. ანუ დაგუგლავენ რაღაც სურათს, დადებენ თავის ბლოგზე/საიტზე და ზედ აწერენ (სიტყვაზე) მაგარისაიტი.ჯი. აი სულ მინდება ვკითხო, შენ გადაიღე ეს სურათი?
დავიწყოთ იქიდან თუ რა არის ეთიკური ნორმები. მთელი წელი ვუჩიჩინებდი ბავშვებს, რომ რაღაც ინფორმაციას რომ აიღებენ საიდანმე, ქვეშ აუცილებლად ბმული უნდა მოაყოლონ, საიდან აიღეს. და ეს ჩვენი გამოცდილი, თითქოს საამაყო ბლოგერები/საიტის ადმინები დგანან და ნი ტო შტო ლინკი მოაყოლონ, საკუთარი საიტის სახელს აწერენ ზედ. ეს არის ვიღაცის საკუთრების მითვისება, თუმცა, რამდენადაც ინტერნეტში ყველაფერი ღია და დაუფარავია, ამეების მოპარვის გაკონტროლება საკმაოდ რთული საქმეა.

აი, მაგალითად დავდე სხვა საიტის სურათი, თუმცა ლინკის მითითება დამატებით არ მჭირდება, ზედ დაწკაპუნებით თავისთავად გადახვათ შესაბამის საიტზე
მარტივად რომ აგიხსნათ, წარმოიგინეთ, რომ გადაიღეთ აფეთქების სურათი, ძალიან ამაყობთ საკუთარი თავით და დადეთ სადღაც. მოდის ვიღაც (ზოგიერთო ბლოგერისა და საიტის ადმინის მსგავსი), იღებს ამ თქვენს საამაყო სურათს და დებს თავისთან. თქვენ გწყინთ, რომ უნამუსოდ მოიპარა და თქვენი საიტის მისამართიც კი არ მიაწერა ქვეშ, თუმცა ჯერ სად ხართ, ზედ სურათზე ამჩნევთ, რომ ბედნიერადაა მიწერილი სულ სხვა საიტის სახელი. როგორ შეიძლება, ბოღმამ არ დაგახრჩოთ ამ დროს :))
მოკლედ, თქვენ დებთ თქვენს მიერ გადაღებულ სურათს და სრული უფლება გაქვთ ზედ თქვენი საიტის მისამართი მიაწეროთ (როგორც, მაგალითად მე ვაკეთებ). ასევე შეგიძლიათ სხვა საიტიდან აიღოთ და თქვენთან დადოთ სურათი, მაგრამ არანაირი უფლება არ გაქვთ, იმ სურათს მიაჯღაბნოთ თქვენი საიტის/ბლოგის მისამართი.
იმედია, გასაგებად ავხსენი :))



