მეგობრებსა და ალქიმიაზე
მროველის გესთ პოსტი
დროდადრო, უფრო ხშირად აივანზე სიგარეტის გაბოლებისას გონებაში ადამიანების სიას ვათვალიერებ რომლებიც წავიდნენ და ისე ქნეს რომ უკან დასაბრუნებელი ხიდები დაწვეს. ჩათლახი ვიყო თითოეულ მათგანზე მწყდება გული, თითოეული მათგანისთვის სიცოცხლის რაღაც ნაწილს დავთმობდი ოღონდ ისეც აქ იყვნენ. სასაცილო ის არის, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან შორიდან ვიცნობდი, შეიძლება ორჯერ ან სამჯერ მყოლოდა ნანახი, მაგრამ მაინც ისე ჩამრჩნენ მეხსიერებაში, რომ აგერ სიცოცხლის ნაწილსაც კი ვთმობ მათი გულისთვის.
რომ მკითხო, ეს ალქიმიაა – ადამიანური ალქიმია, რომელსაც ჩვენი უღმერთოდ შეზღუდული გონება საბედნიეროდ ვერ აკონტროლებს. სადღაც სიღრმეში მიძინებული სული მწევარივით იკრავს ხოლმე მონათესავე ორბიტიდან მოსული ადამიანის სუნს და სამუდამოდ მასზე დამოკიდებული ხდება. ცხოვრება სულს არ ემორჩილება. საკუთარი გეგმები აქვს. ჩვენც მივყვებით ცხოვრების გეგმებს. სურვილის საწინააღმდეგოდ ვკარგავთ და ვიძენთ მეგობრებს, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან მეგობრები. გულგრილად ვუქცევთ გვერდს შეუმჩნეველ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ მეგობრობის მივიწყებული მაგია გაეცოცხლებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ჩვენ გვერდი ავუქციეთ. ეს ყველაფერი ცხოვრების ხრიკებია. თუ წამით შეჩერდები, სუნთვას შეიკავებ და სხეულიდან ამოსულ გუგუნს დაუგდებ ყურს, მიხვდები სულს სხვანაირად სურს. სულს იმ ადამიანებთან სურს, რომლებიც წავიდნენ და შენი წილი სიცოცხლის დათმობის ფასადაც არ დაბრუნდებიან.
თქვენ რა, გგონიათ ქალებზე ვწერ?
ჰეჰ….არადა ყველა სიტყვა ერთი სურეალისტი მხატვრის გახსენებას მოყვა. სულ ორჯერ ან სამჯერ მქონდა საშუალება მასთან მესაუბრა, თუმცა ესეც საკმარისი იყო ალქიმიური ამბები დატრიალებულიყო. ეხლა ბალტიისპირეთშია. აქ რომ დარჩენილიყო შეიძლევა კიდევ ერთხელ მენახა და სულ ეს იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად მხნედ ვიგრძნობდი თავს, რომ მეცოდინებოდა სადღაც ხრუშოვკაში ისევ ზის „ის მაგარი მხატვარი“ და ყველაფრის მიუხედავად მორიგი კოშმარის ილუსტრირებას იწყებს.
და სიაში კიდევ ხუთი კაცია. ერთი ცხოვრებისთის ხუთი კაცი მეტისმეტია. კარგი იქნებოდა ცხოვრებას ჩვენ ვმართავდეთ და არა პირიქით.

7 Comments
‘კარგი იქნებოდა ცხოვრებას ჩვენ ვმართავდეთ და არა პირიქით’.
ძალიან კარგი იქნებოდა, აი, ძალიან, ძალიან კარგი… მაგრამ…
ზუსტად დღეს დავიწერე მაგ სურეალისტი მხატვრის ლექსი ლეპტოპზე
და ლეპტოპსაც სახელი იქიდან შევურჩიე :))
yes yes yes
მაგრამ ალბათ იმიტომაც მივტირით, რომ წავიდნენ. არა? :)
ალქიმიაა ყველაფერი ადამიანური :) სხვას არაფერს არ ემორჩილება და არაფერი არ გვქმნის ♥
თავიდან ვერ შევნიშნე და მეგონა პიკოლინა წერდა, ცოტა კი მეუცნაურა სტილი. აი ამ მომენტში მივხვდი რომ ის არ იყო – ‘თქვენ რა, გგონიათ ქალებზე ვწერ?’ :)
ეს ისე, და რა კარგი პოსტი იყო. იმდენი რაღაცის თქმა მომინდა, რომ ბოლოს, როგორც მე ვიცი ხოლმე, გაჩუმება ვარჩიე :)
1. მე თუ მკითხავ, შენ რომ ჯიპას პრეზენტაციაზე გნახე და გამიღიმე, ესეც თავისებური ალქიმიაა :)
2. ეს დიზაინი ჩემს ერთ-ერთ უძველეს ბლოგს ჰქონდა – ეს უკვე ნოსტალგიაა :)
ცხოვრების ალქიმია.. როდესაც აკეთებ იმას რაც საჭიროა და არა იმას, რაც გინდა.. მაგრამ Life is Beautiful.. Whatever..