თავისუფლება ჯიბეში იწყება

Posted by piccolina on November 22, 2009 in ცხოვრებისეული ბოდვე |

ლიშთოთას guest-post

ადრე ერთ-ერთ ჟურნალში ახალგაზრდა თაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სტატია გამოვაქვეყნე. მიმიქარავს ნოდარ დუმბაძის ‘უშანგი ქოჩაკიძის ნიჰილიზმი’, ისე გვარიანად ვიწუწუნე; მოკლედ რომ მოვჭრა, ჩვენს ახალგაზრდობას ‘არშემდგარი თაობა’ ვუწოდე, – თაობა, რომელმაც საკუთარ ასაკობრივ-სოციალურ სტატუსს სათანადო, ბუნებრივი პასუხი ვერ გასცა და დღემდე ქვევრის ამოხაძილად რჩება.

წუწუნის ჩვევა დღემდე გამომყვა – კვირა არ გავა, რელიგიაზე, მედიაზე ან პოლიტიკურ საკითხზე არ ‘დავიცალო’ (რას ვიზამთ, არამიმზიდველ გარემოსთან ადაპტირების მექანიზმია), ბოლოს კი ისევ ერთ წერტილს ვუბრუნდებით მე და ჩემი მეგობრები. ეს ავადსახსენებელი ‘წერტილი’ მკითხველისთვის ნაცნობი და ბანალური კლიშეა: “ახალი თაობა თუ არ მოვიდა, არაფერი გვეშველება”. ვერაფერი დასკვნაა – ცარიელი თეორია: იცი, საიდან შეიძლება ყავლგასულ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებში სიახლესა და ცვლილებებს ელოდო, მაგრამ იმ მიმართულებით გახედვაც კი გიმძიმს. ადვილად შევთანხმდებით, რომ ეს უბრალოდ დასკვნა კი არა, არამედ უკანდახევაა – იმის აღიარება, რომ ჩიხში ხარ.

სტუდენტებთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, +  teen.ge-ის კონტენტ-ადმინისტრატორი ვარ და  ყოველ საღამოს მიწევს იქ გახსნილი თითოეული თემის შინაარსის გადახედვა, ასე რომ, მეტ-ნაკლებად დამეჯერება. თუმცა ადრე ნათქვამის ზედმიწევნით გამეორება არ ღირს. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი ჯეელობა საშინლად დოგმატური და კონფორმიზმით მოწამლულია. უყურებ და უსმენ ახალგაზრდას, მისი მსჯელობა კი ამ ქვეყანაზე გაავებული მოხუცებულისაა. 26 წლისა ხარ და შენ უფრო თინეიჯერი ხარ, ვიდრე ის. ვერაფერი გაგიგია.

ერთი-ორი წლის წინ ვირტუალურ სივრცეში ამას ღიად დავცინოდით და ჯეელების მაჩო-მურთაზობას ხან მოზასავე იმოების ფოტოებით ვაღიზიანებდით, ხანაც “ძმაკაცის დის პრობლემას” ვამასხარავებით (ვინ თქვა გესლი და ცინიზმი ცუდიაო? ტკბილია ნებისმიერი პროვოკაცია, -  მოწოლილი აგრესიისგან თავისუფლდები). პრინციპში ყველაფერი სექსუალურ თავისუფლებამდე მიდიოდა, რასაც თავის დროზე ირაკლი ჩარკვიანი ქადაგებდა. დაახლოებით ასე ჟღერდა: “ქართველებო, რაც შეიძლება ბევრი იჟიმავეთ!”

აგაშენა ღმერთმა, მაგრამ განა არ ჟიმაობენ ეს გოგჩო-ბიჭები?! მთლად ისეც არაა საქმე, ყველას რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელ, ჰორმონებაშლილ ფსიქოპატებად ვნათლავთ ხოლმე ხშირად. მაგრამ არ მოაქვს ამას თავისუფლება აზროვნებაში. რატომ?

ჩვენს კულტურაზე – როგოროც თანამედროვე ღირებულებათა სისტემაზე რომ ვფიქრობ, ერთი მახასიათებელი მახსენდება. ის არც “ძველქართული”  ან ტრადიციულია (სრული სისულელეა, სულაც არ აქვს ამ ტრადიციონალიზმს ისტორიული ფესვები, როგორც ბევრი ფიქრობს) და არც მაინც და მაინც “სოფლური” ან “წინაინდუსტრიული” თუ “პრემოდერნული”. ის უბრალოდ ძალიან ახალია, – საბჭოთა, – ამ სიტყვის სრული გასიგრძესიგანებით. იქ ინდივიდი არ არსებობდა, შესაბამისად – არც თავისუფლება საჯარო სივრცეში. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დასავლეთის “სექსუალური რევოლუციების” გამოცდილებაზე, ყველაფერი ილუზიად დარჩება მანამ, სანამ მშობლებისგან ახალგაზრდა ეკონომიკურად და, შესაბამისად, ფსიქოლოგიურადაც არ ემანსიპირდა, მათ მიერ (ხშირად წარმოუდგენელი შრომითა და წვალებით) ხონჩით მორთმეულ კომფორტსა და რესურსებზე უარი არ თქვა. ამის გარეშე პოსტკომუნისტური თავისუფლება უფრო და უფრო შეგვაშინებს.

2004 წელს პოლონეთში გავემგზავრე ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამით. ნუ გეშინიათ, სულ არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რა შეცვლილი და გონებაგახსნილი ჩამოვედი. რა ჩირიც წავედი, ის ჩამოვედი. თუმცა რაღაც კი დაილექა… სოფლებიდან საუნივერსიტეტო ქალაქში ჩასულ ექვს სტუდენტთან ერთად ვიყოფდი ბინას. თითოეული ტრაბახობდა, ადრეული ასაკიდან როგორ შოულობდა ფულს – ღებვით, შენებით, მოხუცებულების მოვლით, საკანცელარიო-საოფისე შავი საქმით და ა.შ. ჰოდა ყველა ისე გულაობდა და ისე ფიქრობდა, როგორი თავისუფლებითაც სარგებლობდა. ფინანსური თავისუფლებით! მე რაზე ვლაპარაკობდი? იმაზე, რომ ჩვენში ქალის მოტაცების ტრადიცია იყო და wino (ღვინო) და “მედიცინა” ქართული წარმოშობის სიტყვებია. ეს იყო “საკუთარი შრომითა და თვითდისციპლინით მიღწეული” ჩემი წარმატებები – ჩემი უბადრუკი ეთნომითოლოგია და კულьტურა.

საჯაროობა უკვე ოჯახშივე იწყება, შემდეგ სკოლასა და საუნივერსიტეტო სამეგობრო წრეებში, საერთო ინტერესებით გაერთიანებულ კუტოკებში. საჯაროობა თავისუფლებაა, – გამოხატვის, ქმედების, თვითრეალიზაციის თავისუფლება. ჩვენი ახალგაზრდების კუტოკები კი პატარა გეტოებია. აბა მიდით და ამ მეამბოხეებს მიკროფონი მიუშვირეთ. ზურგს მოგიშვერენ. ხომ მოკლა მერე მამამისმა! ბევრს ეგონა, რომ იუთუბზე ვი-ბლოგების სიჩუმეც უხარისხო ინტერნეტის ბრალი იყო. ტყუილი აღმოჩნდა. ვარნა-ფოთი გვაქვს, სათქმელი – ბევრი არაფერი. არიქა – ვიღაცამ არ დაგვცინოს, მეზობელმა არ დაგვინახოს, კოლეგამ არ იღადაოს!

ჰოდა სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგავს ახალგაზრდა ამ დამოუკიდებლობისკენ და მხოლოდ მისი სიმულაციითა დაკავებული (ამხანაგი ჩეს მაიკები რულავს!), ყოველთვის ვიღაცის დებილი შვილი იქნება, რაც არ უნდა აკეთოს. ყოველთვის დაშინდება, ყოველთვის დამალავს საკუთარ თავისუფლებას – საკუთარ აზრს, საკუთარ ‘მე’ს. “უძღები შვილის” გზა ბიბლიური სიბრძნეა (ნუთუ მართლა ჰგონიათ ამ ბნელებს, რომ მისი მორალი მამასთან დაბრუნებაა?). ჰოდა, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მეც ამ გზას ვადგები.

Tags: , , ,

16 Comments

  • Natalia says:

    არც კი ვიცი რა ვთქვა, პოსტი კი ძალიან მომეწონა :)

    მგონია რომ საქართველოში მშობლების overმზრუნველობა კიდევ დიდხანს იქნება, და კიდევ დიდხანს შეუქმნის პრობლემას შვილებს. იმიტომ რომ თვითონაც ეგონებათ, რომ ასეა საჭირო და თავის შვილებსაც ასე უნდა მოექცნენ – უნდა ჩაუწყონ სადაც ჩასაწყობია [და სადაც არ არის ჩასაწყობი], გზა გაუკვალონ, ლუკმა დაუღეჭონ, ფული ჯიბეში ჩაუდონ და მრავალი სხვა..

    მოკლედ, გამოვიდა რომ მცოდნია რა უნდა მეთქვა :)

  • ყოველთვის მჯეროდა შენი:)

    ბარემ ის ჟურნალიც გეხსენებინა, რა… ”უხსენებელია”? თანაც, რეკლამაში არ ჩაგეთვლებოდა, აღარ გამოდის

    ასე კარგად რომ წერ, ”ზონამ” რატომ შეგაშინა, უარი რომ გვითხარი? წითელი ფერი თუ არ მოგწონს გადავღებავთ:)

    • აბიჟაეშ! წითელ ფერს თავი გაანებე, სწორედაც რომ მომწონს :)

      ჯერ იუთუბზე ვივარჯიშებ, კამერას უნდა შევეჩვიო :P

      _____
      “ცხელი შიკოლადი” კაპუტ??

  • მაგარია ძალიან………….ეს პრობლემა ყოვეთვის იქნება…………სანამ ჩვენი ახალგაზრდა თაობა არ მიხვდება…….რომ მამიკოს ნაშოვნი ფულით ბლატაობა…….დიდ ვერაფერი ხეირია………

  • geoskeptic says:

    good point!

    მე როგორც წესი მპასუხობენ ხოლმე, რომ ჯერ ერთი სამუშაო ”არაა”.. მეორეც რომ იშოვო რაიმე ვირულად უნდა იმუშავო იმისათვის რომ ჯიბის ფულად ძლივს გეყოს ხელფასი… რაის დამოუკიდებლობა. ”შენ საქართველოში არ ხარ და არ იცი აქ რა სიტუაციაა”.

    შენ თუ მოგისმენია ასეთი კონტრარგუმენტები?

  • შოკოლადი რატომ კაპუტ?
    ჯერ ჩაწერები გვაქვს, მოვრჩები და მერე

    სარკესთანაც შეიძლება ვარჯიში. ბოლო ჩაწერა პარასკევს გვაქვს (უკვე 16 გადაცემა ჩავწერეთ), მარტში განვაახლებთ და მიგიფიქრებთ თემას:)

  • piccolina says:

    შოთ, ყოჩაღ, მომეწონა ძალიან ))) რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთ კარგ პოსტს დაწერდი და თან ასე კარგად :*
    ტყუილა კი არ მიყვარხარ :*

    @გოგი გვახარია – ვარჯიში სულ არ სჭირდება, უბრალოდ მორიდებულობა + ნახევრად იმერული სისხლი ცუდ გავლენას ახდენს )))
    შემდეგში მიწვევა რომ მოგინდება ჯერ მე შემატყობინე და დადებით პასუხს მალევე მიიღებ :))

  • irma says:

    გამარჯობა,ძალიან მომეწონა პოსტი ,თუმცა ის რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ნაშოვნ ფულამდე მივყევართ ბანალურია და ყველამ იცის.:)

    და ყველასაც ააქვს სურვილი მაგრამ არ არის ადვილი შოვნა ჩვენს დაქცეულ ქვეყანაში.ასე რომ სანამ ეკონომიკა არ დაიძრება” მოვეშვათ” თავისუფლებაზე ოცნებას.

  • piccolina

    ოკ, პირდაპირ შენ მოგმართავ

    სადაა ეთერისთვის დასაკარგი ხალხი? ჭკვიანი, ლამაზი, ტანადი..იმერეთს დავძლევთ იმედია

  • ეა says:

    ჩემი სუბიექტური აზრით, ნამეტანი შორიდან მოუარე საკითხს, მაგრამ როგორც ინგლისელნი იტყვიან you’ve made a great point! საინტერესო დასკვნა იყო ნამდვილად.

    ამას მალე ეშველება, როდესაც ახალგაზრდებისთვის სამუშაო უფრო ხელმისაწვდომი გახდება ვიდრე დღესაა და ამასთან, არ იუკადრისებენ ზოგიერთ სამუშაოს.

  • giorgi says:

    რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დასავლეთის “სექსუალური რევოლუციების” გამოცდილებაზე, ყველაფერი ილუზიად დარჩება მანამ, სანამ მშობლებისგან ახალგაზრდა ეკონომიკურად და, შესაბამისად, ფსიქოლოგიურადაც არ ემანსიპირდა, მათ მიერ (ხშირად წარმოუდგენელი შრომითა და წვალებით) ხონჩით მორთმეულ კომფორტსა და რესურსებზე უარი არ თქვა.

    დიახ.
    ტოტალიტარიზმი უფლებებს კი არ გვართმევს, არამედ გვიცვლის, სიზარმაცის უფლების სანაცვლოდ.

  • precelsus says:

    მდაა… მძიმე სიტუაციაა :) გავყვეთ პოსტს თანმიმდევრულად (დრო მაქვს და წერაც არ მეზარება დღეს :დ )

    პირველი – “ბოლოს კი ისევ ერთ წერტილს ვუბრუნდებით მე და ჩემი მეგობრები. ეს ავადსახსენებელი ‘წერტილი’ მკითხველისთვის ნაცნობი და ბანალური კლიშეა: “ახალი თაობა თუ არ მოვიდა, არაფერი გვეშველება”. ეს რას ნიშნავს? სად უნდა მოვიდეს? იმჰო, ახალგაზრდა თაობას სადაც შეეძლო მისვლა ყველგან მივიდა :დ ასე რომ რაღაც მითიურ ადგილებზე მისული მითიური ახალგაზრდა თაობის ლოდინი უაზრობაა :დ

    მეორე – “საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი ჯეელობა საშინლად დოგმატური და კონფორმიზმით მოწამლულია.” ყველა ქვეყანაში ჯეელობის უდიდესი ნაწილი დოგმატურია და კონფორმისტული ასე რომ ეს არაა მიზეზი :)

    მესამე – “ის უბრალოდ ძალიან ახალია, – საბჭოთა, – ამ სიტყვის სრული გასიგრძესიგანებით” ეს უკვე მემგონი ზედმეტი ფიქრისგანაა :) რაღა დროს საბჭოთაა, როდესაც უკვე 1 თაობა გვყავს, რომელიც დაიბადა ახალ საქართველოში, რაღა დროს საბჭოთაა როდესაც მაშინდელი დისიდენტების ან უბრალოდ სხვაგვარად მოაზროვნეების შვილები დღეს ადამიანისთვის საუკეთესო ასაკში არიან?

    მეოთხე – “საჯაროობა თავისუფლებაა” – რაო? საჯაროობა თავისფლება როგორ შეიძლება იყოს? თავისუფლება არის თავისუფლება, ხოლო მისი საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა, მხოლოდ შესაძლებლობაა და მეტი არაფერი…

    მეხუთე – “აბა მიდით და ამ მეამბოხეებს მიკროფონი მიუშვირეთ. ზურგს მოგიშვერენ. ხომ მოკლა მერე მამამისმა!” ჰაჰაჰაჰაჰა ეს კაი იყო, თუმცა მამამისების პრობლემა არ მგონია იყოს, უფრო იმის პრობლემაა რომ ვერ ჩამოაყალიბებენ სათქმელს და დ ა ს ა ც ი ნ ე ბ ი გახდებიან სხვა “მეამბოხეებისგან” :)

    მეექვსე – “ჰოდა სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგავს ახალგაზრდა ამ დამოუკიდებლობისკენ ” – რა დამოუკიდებლობა? ფინანსური? რამდენიც გინდა იმდენი ვიცი ფინანსურად დამოუკიდებელი და რა მერე, მათი 95% სავსებით აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებსაც შენ აკრიტიკებ :)

    პ.ს. ზემოთმოყვანილი პუნქტების გარდა დანარჩენში ვეთანხმები პოსტს.
    პ.პ.ს. მე შენ ადგილას წითელ ზონაში არ მივიდოდი. (მაგ გადაცემის მხარდაჭერის ამბავში არ ვამბობ :) პირიქით )

  • თემა მართლაც ძალიან აქტუალურია, აღმოვაჩინე, რომ რაც შენ გიწერია, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ.
    რატომღაც ბოლო დროს ყველაფერს ფინანსურ და სოციალურ დამიუკიდებლობას ვუკავშირებ. ეს ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს, (როგორც ჩემ შემთხვევაში :)

  • dj-guro says:

    ისაა.. ეს კაცი კარგ თემაზე ლაპარაკობს, ვისურვებდი კიდევ გაეგრძელებინა ამ თემის განხილვა. უბრალოდ ჩემს მაგალითს დავწერ. შემოსავალი მაქვს იმდენი, რომ შევძლო მარტომ ცხოვრება, მაგრამ მერე ჩემს დედ-მამას ვინ მიხედავს? არ არიან ჩავარდნილი მოხუცები, მაგრამ თუ ოჯახია, ერთად უნდა ვიყოთ. ასე არაა? ამბობენ თვალი რომ დაშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო. ეგრეა რა. აგერ ჩემი და წელიწადზე მეტია თბილისში სწავლობს. უკვე ცოტა დარცა მასში გორული. მალე ალბათ იმასაც იტყვის, თბილისი გორს ჯობია და მე ჩემთვის, თქვენ თქვენთვისო. (პირჯვრის გადაწერის სმაილიკი)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.