გელოდები

Posted by piccolina on February 15, 2007 in იასამნის ბოდვები |

ერთი კვირის წინ მოხდა :) კაი დღე იყო… დილას გნახე, ერთად ვიყავით 2 საათით. მეფერებოდი, მეხუტებოდი… გკოცნიდი, მიყვარხარმეთქი და საღამომდე მომენატრებიმეთქი გითხარი და გამოცდაზე წავედი. მერე შენზე ვფიქრობდი გამოცდაზე რომ მივდიოდი, ლექტორს რომ ვაბარებდი საკითხებს, გამოცდიდან რომ გამოვედი :D მერე მესიჯი მოგწერე და გახარე რომ ჩავაბარე გამოცდა და ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი, კიდევ გაგაფრთხილე ნელა იარემეთქი :) სულ ვნერვიულობდი მანქანით რომ გადიოდი ქალაქში, გიჟივით დადიოდი სულ. მერე სადღაც ბარში წავედი ჯგუფელებთან ერთად. წვენი დავლიე. ის წვენი შენ რომ გიყვარს და მარტო იმიტომ დავლიე რომ შენ გიყვარდა :) მე კიდევ შენ მიყვარხარ :) ვფიქრობდი, რა ლამაზია ცხოვრება, დილას შენ გნახავ, მერე საქმეები, უნივერსიტეტი და მერე ისევ შენ :) რა ბედნიერი ვიყავი :) მერე ავდექი იმ ბარიდან, წამოვედი და მთელი გზა, სანამ ჩემს დაქალთან ავიდოდი შენზე ვფიქრობდი… და მერე უფრო მინდებოდა შენი ნახვა… მერე დაქალისგან რომ მოვდიოდი გითხარი რომ მალე სახლში ვიქნები და მერე გნახავ.
შენს სამსახურს ჩავუარე. შენთან ძალიან ახლოს ვიყავი და მაინც საღამომდე დაცდა ვარჩიე. ცოტა ხანს ფეხით ვიბოდიალე :) ძალიან მიყვარდა ბოდიალი :D
მერე ვიფიქრე რომ სახლში დაბრუნების დრო იყო. გზაზე უნდა გადავსულიყავი და რამე ტრანსპორტი გამეჩერებინა. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო და თამამად გადავდიოდი…
და ამ დროს რაღაც ხმა გავიგე და
ძალიან მეტკინა
მივხვდი, რომ მანქანამ დამარტყა
ძალიან მტკიოდა
ცრემლები წამომცვივდა
და მანქანიდან მძღოლი გადმოვიდა
ჩემი მკვლელი :)
გამიხარდა რომ არ გაიქცა :)
არავის არ ამოუღია ხმა… არაფერი გამიგონია
მერე თვალები გავახილე და ჩემს სახესთან ძალიან ახლოს შენი სახე დავინახე
რა ბედნიერი ვიყავი, რომ დაგინახე, მაგრამ არ მინდოდა ასეთი დამენახე
ალბათ არც შენ გინდოდა შენი ასეთი სახის დანახვა
არ გინდოდა სარკეში საყვარელი ქალის მკვლელის სახე დაგენახა და შეგზიზღებოდა
ხმას ვერ იღებდი, ვერც ტიროდი
უბრალოდ სახე მოგებრიცა რაღაცნაირად
ძალიან გამიჭირდა პირის გაღება, მტკიოდა ყოველი ბგერა
მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო
“მიყვარხარ” გითხარი, ძალიან მეტკინა, ძალიან ძალიან, მაგრამ მაინც შევძელი, გავიღიმე კიდევაც რომ შენც არ გტკენოდა :)
მანქანაში ჩამსვი…. მახსოვს… ხმის ამოღებას მთხოვდი, მაგრამ მეტი ძალა აღარ მქონდა…
ძალიან მტკიოდა… მთელი სხეული და ჩვენი სიყვარული მტკიოდა… კიდევ მინდოდა შენს მანქანაში რამის თქმა, მაგრამ მეტი ძალა აღარ მქონდა და ჩემს თავზე ვბრაზობდი…
ადრე რა მყუდრო გარემო იყო ჩვენთვის შენი მანქანა… ახლა კი ჩემი სისხლის გარდა თითქმის არაფერი ჩანდა… მერე ნელ-ნელა სადღაც გაქრა შენი განწირული ხმა… ერთი ძალიან მეტკინა და მერე ვეღარ ვგრძნობდი… და გხედავდი შენ, ცრემლიანს, უფეროს, ხანდახან გვერდით იყურებოდი… შენს გვერდით ჩემს თავს ვხედავდი სისხლიანს და მახინჯს. და მაინც რა სიყვარულით უყურებდი ჩემს დასახიჩრებულ სახეს…
მივხვდი, რომ ბოლო წამები იყო… ისე ვერ წავიდოდი, კიდევ უნდა მეთქვა რამე… შენ არ უნდა გტკენოდა… მაგრამ აღარ გამოდიოდა…
საავადმყოფოში გითხრეს, რომ მოკვდა შენი ქალი… და ვხედავდი როგორ მანჯღრევდი და გაღვიძებას მთხოვდი… ძალიან გიხდებოდა თურმე სასოწარკვეთილება
მე უკვე აღარ მადარდებდა არაფერი…
მერე ჩემი პანაშვიდები, გასვენება…
დედაჩემი უჩივის შვილის მკვლელს
შვილის მკვლელი კი აღარ არის ამ ქვეყნად…
შვილის მკვლელს საკუთარი თავი ეზიზღება და მოსაკლავად დასდევს საკუთხარ თავს, მაგრამ ვერ იჭერს, იმიტომ რომ საკუთარი თავი სადღაც დაკარგა…
ყოველდღე სარკეში მკვლელის თვალებს ხედავს

არ მენატრები, არ მტკივა შენს ნაცვლად
არც ჩემს ნაცვლად
არც ჩვენი სიყვარულის ნაცვლად
მალე ხომ აქ იქნები
შენი ფეხით მომაკითხავ :)

3 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.